წყალტუბოსა და ლებარდეს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
9 ივლისი 2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი კურორტების - წყალტუბოსა და ლებარდეს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების შემუშავებაზე. მიმწოდებლის შერჩევის მიზნით საკონკურსო წინადადების მიღება 18 ივლისიდან 23 ივლისამდე გაგრძელდება.
საჭირო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საორიენტაციო ფასებისა და ვადების განსაზღვრისათვის, გაკეთდა ბაზრის კვლევა და ჩამოყალიბდა ტექნიკური დავალებები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 ათასი ლარია, გამარჯვებული კი ვალდებულია პროექტები 150 კალენდარული დღის ვადაში შეიმუშავოს.
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის განკარგულებით დაევალა.
კურორტების სისტემური და გეგმიური განვითარებისთვის აუცილებელია სანიტარიული ზონებისა და შესაბამისი რეჟიმების დაცვა. ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისთვის კი ასევე მნიშვნელოვანია მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება.
ლებარდესთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მე-3 ეტაპის სამუშაო მიმდინარეობს, ხოლო წყალტუბოსთვის დასრულებულია მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირების პროცედურები და სამინისტრო ახორციელებს კონკურსის გამოცხადების მოსამზადებელ სამუშაოს.